ორშაბათი, 20.05.2024, 20:26
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » ტორპედო-კოლხეთი 4:1 - იუბილეს გოლები და ტაში უხდება
15:12
ტორპედო-კოლხეთი 4:1 - იუბილეს გოლები და ტაში უხდება


26.10. ქუთაისი. ცენტრალური, 1500 მაყურებელი
ტორპედო კოლხეთი 4:1
1:0 გოცირიძე (16. გურულის პასით), 2:0 გოცირიძე (43. დოლიძის პასით), 3:0 გ. დათუნაიშვილი (54), 3:1 ციცხვაია (66), 4:1 დოლიძე (72)

ტორპედო კოლხეთი
4-5-1 4-1-4-1
მიგინეიშვილი ბობღიაშვილი
დ. ფოფხაძე კილასონია
ს. თოდუა ცხვიტარია
გამეზარდაშვილი ინწკირველი
გურული ლემონჯავა
დოლიძე გვალია
გ. დათუნაიშვილი გოგონაია
დიღმელაშვილი პ. დათუნაიშვილი
თარხნიშვილი ქებაძე
დ. ბოლქვაძე შავგულიძე
გოცირიძე მდივნიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე ს. ფილია

ტორპედო
55. გ. დათუნაიშვილი კუხიანიძე
62. გოცირიძე საბანაძე
69. ბოლქვაძე იოსელიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, კირკიტაძე

კოლხეთი
46. პ. დათუნაიშვილი ლომაშვილი
59. შავგულიძე ციცხვაია
75. გვალია ცხადაია
სათადარიგოები: ნადირაშვილი, თედიაშვილი, გულუა, წიქარიშვილი
გაფრთხილება: გოგონაია (70)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ფოთის "კოლხეთთან" გუშინდელი შეხვედრა "ტორპედოსთვის" უმაღლეს ლიგაში საიუბილეო, მე-600 იყო და ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ქუთათურებმა ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნეს.

ფაქტია, რომ "ტორპედოში" გია გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ გუნდმა სტაბილურობა შეიძინა და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჩამოუყალიბდა. პატარა საქმე ხომ არ არის, "ტორპედომ" ახალი მწვრთნელის თავკაცობით ოთხივე შეხვედრა მოიგო და ლიდერთა შორის დამკვიდრდა. თანაც, რიონისპირელები თამაშიდან თამაშამდე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებენ. ყოველივე ამას ქუთაისური გუნდის ამბიციური გულშემატკივარიც აფასებს და "კოლხეთთან" მატჩისას მათი მხრიდან გეგუჩაძესა და მის გუნდს ოვაცია არ მოჰკლებია.

რაც შეეხება შეხვედრას, ქუთათურებმა მეტოქე ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჩაგრეს და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც მათი საბოლოო გამარჯვებაც განაპირობა. მასპინძლებმა მეტოქეს თავიდანვე სწრაფი ტემპი შესთავაზეს, ისინი კარგად იყენებდნენ ფლანგებს და მეტოქეს დაძაბულობაში ამყოფებდნენ. მარჯვენა ფრთის ბატონ-პატრონი გრიგოლ დოლიძე იყო, რომლის სახიფათო გარღვევებს მეტოქემ ვერაფერი დაუპირისპირა. ჩვეულებისამებრ, პროდუქტიულები იყვნენ დავით ბოლქვაძე და თორნიკე თარხნიშვილი, რევაზ გოცირიძემ კი გუშინ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დუბლითაც გამოირჩა.

ქუთაისელთა უპირატესობას სწრაფი გოლი მოჰყვა, თარხნიშვილის ჩაწოდების შემდეგ გოცირიძემ თავურით ბობღიაშვილი უშანსოდ დატოვა და თავისიანები დააწინაურა - 1:0. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მასპინძლები ისევ გააქტიურდნენ და მეტოქე მეორე გოლითაც დასაჯეს. ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა დოლიძემ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ შეიწია და მცველთაგან უყურადღებოდ დატოვებულ გოცირიძეს საგოლედ უპასა, ვეტერან ფორვარდსაც ალღომ არ უმტყუნა და "ტორპედო" გასახდელში სოლიდური უპირატესობით გავიდა - 2:0.

შესვენებისას სტადიონზე შუქი ჩაქრა, თუმცა პრობლემა მალევე მოგვარდა და თამაში შეუფერხებლად განახლდა. მეორე ტაიმში ქუთაისელთა პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაგვირგვინდა - ფოფხაძის აქტიურობის შემდეგ მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, რასაც ფოთელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ბოლქვაძის დარტყმა მცველებმა მოიგერიეს, მაგრამ დამატებაზე გიორგი დათუნაიშვილმა ივარგა - 3:0.

მესამე გოლის მერე "ტორპედომ" ტემპს უკლო, რასაც მეტოქემ გააქტიურებით უპასუხა. მე-60 წუთზე გვალიას თავურისას ქუთათურები გოლისგან დავით გამეზარდაშვილმა იხსნა, რომელმაც კარის ხაზიდან ბურთი თავით მოიგერია. სოსო ფილიას შეგირდებმა პრესტიჟის გოლის გატანა მალევე მოახერხეს, მცველების შეცდომით შეცვლაზე შესულმა დავით ციცხვაიამ ისარგებლა და მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა - 3:1.

ფოთელებმა კიდევ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, თავის გამოჩენა ქებაძესა და ციცხვაიას შეეძლოთ, პირველის სახიფათო თავური მიზანს ასცდა, ციცხვაიამ კი ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება. სამაგიეროდ, საპასუხო შეტევისას შანსი კარგად გამოიყენა დოლიძემ, რომელმაც საბანაძის აქტიურობის შემდეგ მცველების მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:1.

დარჩენილ დროში ტორპედოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, დოლიძემ მეტოქის კარი დალაშქრა კიდეც, თუმცა მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს. ქუთაისურმა გუნდმა იმერული დერბის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კვირას კი გეგუჩაძეს და მის შეგირდებს ზესტაფონში სტუმრობა და დიდი გამოცდა ელით.

სოსო ფილია: " წლეულს ყველაზე სუსტად "ტორპედოსთან" ვითამაშეთ. მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და ღირსეულად გაიმარჯვა."
გია გეგუჩაძე: "დღევანდელი მატჩი ჩვენი გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში საიუბილეო, მე-600 იყო და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა მატჩისას იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ინიციატივა დავთმეთ და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მივეცით. შედეგი კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 772 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

Добавил:თემო
  
0

eh : (((
Дата публикации: 27.10.2011 в 15:23 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0