ორშაბათი, 20.05.2024, 07:18
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » სოსო ფილია: ძნელია სულ სტუმრად ყოფნა
15:30
სოსო ფილია: ძნელია სულ სტუმრად ყოფნა


ფოთის "კოლხეთმა" მიმდინარე ჩემპიონატი რუსთავის "მეტალურგსა" და "ზესტაფონთან" გასვლით მატჩებში მიღწეული ფრეებით დაიწყო, მაგრამ მერე კალაპოტიდან ამოვარდა და უმაღლეს ლიგაში მეორე გამარჯვება მხოლოდ გასულ შაბათს, ბოლნისის "სიონთან" საშინაო შეხვედრაში მიითვალა.

მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სეზონში "კოლხეთის" ერთადერთი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და თუ კლუბს შარშანდლის მსგავსი ფინანსური პრობლემები არ შეექმნა, ამის მიღწევის კარგი შანსი ექნება.

"ლელოს" რესპონდენტი "კოლხეთის" გამოცდილი თავკაცი სოსო ფილიაა.


- საუბარი გასული ტურის მატჩით დავიწყოთ. ჩემპიონატში მეორე გამარჯვების მოპოვება ძალიან გაგიჭიანურდათ.
- ასეა, მაგრამ დაკარგულ ქულებს ვერ დავიბრუნებთ, მთავარია, შემდგომში უფრო სტაბილურად ვითამაშოთ. "სიონთან" კი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ. აქაც რომ არ გაგვემარჯვა, საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსს, ფაქტობრივად, დავკარგავდით, ამ სამი ქულის წყალობით კი ამ ამოცანისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. გამარჯვება კარგია, მაგრამ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ - "სიონთან" ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ.

- ბოლნისელებმა მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვეს.
- საერთოდ, მსაჯობის თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ახლა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მსაჯებმა ყველა სადავო ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამაში ვიდეოგამეორების ნახვის შემდე დავრწმუნდი. რაც შეეხება ჩვენი მეკარის, მინდია ბობღიაშვილის მხრიდან ვითომდა ბილწსიტყვაობას, მას მსაჯისთვის საერთოდ არ მიუმართავს და მხოლოდ "სიონის" ფეხბურთელს მოუწოდა, ბურთი მოედნის მიღმა გადაეგდო, რადგან ერთი მოთამაშე ტრავმირებული იყო. როგორც იცით, ბობღიაშვილს "სიონში" არაერთი სეზონი აქვს გატარებული, იქ ყველა მისი მეგობარია და გამორიცხულია, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

- გარკვეულწილად, ალბათ, იმისთვისაც მზად ხართ, რომ ბოლო ოთხ გუნდში მოხვდეთ.
- გამორიცხული არაფერია და ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ ცუდზე ფიქრი არ გვინდა და სანამ შანსი გვაქვს, ზედა რვა გუნდში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ზემოდან არავის ვუყურებ, მაგრამ სატურნირო ცხრილში "კოლხეთზე" მაღლა რამდენიმე ისეთი გუნდია, რომლებიც არაფრით გვჯობიან და ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ.

- დიდი ხანია, ფოთის "ფაზისზე" არ გითამაშიათ. როდისთვის იგეგმება სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და "კოლხეთის" მშობლიურ სტადიონზე დაბრუნება?
- თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ ამ დროისთვის უკვე "ფაზისზე" უნდა გვეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამუშაოები შეფერხდა. თუმცა ფოთში დაბრუნებამდე დიდი დრო ნამდვილად აღარ დაგვრჩა. მოედნის მოწყობის სამუშაოებში ახლა ასეთი ვითარებაა: მოედანზე შეტანილია ქვაღორღი და დრენაჟის სისტემაც გაწყობილია, სრულდება ქვიშის დაყრაც. დარჩენილია მხოლოდ სარწყავი სისტემის საიმედოობის შემოწმება.
ამისთვის სპეციალისტებს მცირე დრო დასჭირდებათ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, რამდენიმე დღეში ბუნებრივი ბალახის საფარიც დაიგება.

მოედნის სათამაშო კონდიციებში მოყვანასაც გარკვეული ხანი დასჭირდება და "ფაზისზე", სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ვითამაშებთ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია - გასვლით მატჩებში უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ეგრეთ წოდებულ საშინაოებში. "ფაზისზე" დაბრუნებით "კოლხეთის" შედეგები აუცილებლად გამოსწორდება. ამდენი მოგზაურობით ყველანი დავიღალეთ და ერთი სული გვაქვს, შინ როდის დავბრუნდებით.

- "ფაზისის" ტრიბუნებზე რა კეთდება?
- ტრიბუნების რეკონსტრუქციის კარგი პროექტი უკვე არსებობს და მისი განხორციელების რეალური იმედიც გვაქვს. ბიუჯეტიც ცნობილია - მილიონ ორასი ათასი ლარი.

- როგორც ჩანს, "კოლხეთში" დღეისთვის დამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობაა.
- დიახ, დღეისთვის ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გვაქვს. ფოთის მერია და პირადად მერი გოჩა ლემონჯავა "კოლხეთის" დიდი მოამაგეა და მისი იმედი ყოველთვის გვაქვს. გარდა ამისა, სიახლეებია კლუბის მმართველობაში. "კოლხეთის" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ზაალ კუჭუხიძე, რომელიც ფეხბურთში კარგად ჩახედული ადამიანია და მისი ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად წაგვადგება.

- ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ "კოლხეთს" შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება.
- ასეა, სხვაგვარად, უმაღლეს ლიგაში დარჩენა ძალიან გაგვიჭირდება. მიზეზთა გამო, სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ და შერჩეულ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ვერ გადმოვიბირეთ. დანაკლისს მალე ავინაზღაურებთ. ყველაზე მეტად თავდასხმაში გვიჭირს და ორი შემტევი ფეხბურთელი უკვე შერჩეული გვყავს - გიორგი კრასოვსკი და შოთა ჯიქია. როგორც იცით, ისინი "ულისის" შემადგენლობაში სომხეთის ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნება სურთ. კრასოვსკისთან თითქმის შეთანხმებულები ვართ, ვფიქრობ, ჯიქიასთანაც შევთანხმდებით. წესით, ეს ორი ფეხბურთელი "კოლხეთის" მაისურით ნოემბრის ბოლოდან უნდა იხილოთ, ზამთარში კი სხვა ახალწვეულებსაც დავიმატებთ.

- "კოლხეთის" რომელი ფეხბურთელების თამაშით ხართ ყველაზე კმაყოფილი?
- ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და თითოეული მათგანი მოედანზე ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ჩვენ სამი შეუცვლელი მოთამაშე გვყავს - ინწკირველი, გვალია და ლემონჯავა. ინწკირველის გამოცდილება "კოლხეთში" ყველასთვის სამაგალითოა, გვალია და ლემონჯავა კი ფოთის ფეხბურთის აღზრდილები არიან, უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს და თუ შრომასა და განვითარებას გააგრძელებენ, მჯერა, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 954 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

Добавил: alkorkoni
  
0

ჰოო. წაგებას ველოდი, მაგრამ 4-1 ბევრია :(((
Дата публикации: 26.10.2011 в 20:10 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0