ორშაბათი, 20.05.2024, 14:30
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 5 » მობურთალსა მოედანი
23:50
მობურთალსა მოედანი


წყალტუბო, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი - ასეთი იყო ჩემი მარშრუტი ნოემბრის მიწურულს, სწორედ იმ დღეებში, როცა გათოვდა და საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გადაიდო, მათ შორის გორის “დილასა” და ფოთის “კოლხეთის” შეხვედრაც.
ფოთი მოგეხსენებათ ქალაქია, საიდანაც დაიწყო ქართული ფეხბურთი და სწორედ აქედან მოვიდა თბილისის “დინამოში” ბორის პაიჭაძე და ის თაობა, რომელმაც მალე ქვეყანა აალაპარაკა. მას შემდეგ მეორე ბორის პაიჭაძე თუმცა აღარ გამოჩენილა, მაგრამ ფოთის ხსენებაზე ფეხბურთის გულშემატკივრებს მაინც სხვაგვარი განცდები აქვთ - იმედი ეძლევათ, ისევ მოელიან...
...როცა ბათუმიდან ფოთში მივემგზავრებოდი, ის შორეული 1983 წლის აგვისტოც გამახსენდა, როცა ფოთში ბორის პაიჭაძის წინა თაობის სამ ვეტერან ფეხბურთელს: შალვა პაიჭაძეს, კაკო ჟღენტს და მეტად კოლორიტულ, ენერგიულ პიროვნებას _ გვარად ყურუას შევხვდი, რომლის სახელი ახლა ვერც მე გავიხსენე და ვერც ფოთელებმა. ლეჩხუმელი ყურაშვილი ვარ, მაგრამ როცა ფოთში ჩამოვსახლდი და თამაში დავიწყე - გვარიც დავიმოკლეო, მითხრა მაშინ ყურუამ და როგორც თვითონვე აღიარა - “დატსკი უდარის” ცნობილი ოსტატი ყოფილა, მერე მარჯვენა ფეხის მოძრაობით მაჩვენა კიდეც ეს დანიური დარტყმა, რომელიც თბილისის დინამოელი ბორის ხასაიას მერე, ვერ დაგიმალავთ, აღარც მინახავს. ეს დარტყმა ფოთში იტალიური გემის “ბრეშას” დანიელმა მეზღვაურებმა გვასწავლესო - მითხრა ყურუამ. შალვა პაიჭაძე სინანულით იხსებდა ზღვით დაფარულ მინდვრებს, სადაც ბურთს დასდევდა მეზობელ ბიჭებთან ერთად, კაკო ჟღენტმა კი რამდენჯერმე გამიმეორა: მთელი ფოთი ალაპარაკდა, როცა მე, უკვე ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელს _ 15 წლის ბორია პაიჭაძემ ფინტი გამიკეთა, მომატყუა და ბურთი გაგვიტანაო. სხვათა შორის, იმასაც გეტყვით, რომ ფოთში გადაღებული მაშინდელი კინორეპორტაჟი ერთ-ერთი საუკეთესო, საინტერესო იყო, რაც ოდესმე გამიკეთებია და კარგად მახსოვს ტელერადიოკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ნუგზარ ფოფხაძის მოთხოვნით გაიმეორეს, რაც იმ დროს იშვიათი ამბავი იყო (დიდი ხნის შემდეგ მითხრეს, რომ რეჟისორ ოთარ შამათავას მოსწონებია მაშინ ჩემი ნამუშევარი და სპეციალურად დაურეკა თურმე ნ. ფოფხაძეს).
...ამასობაში ფოთის სტადიონზე მივედი. ისე წვიმდა, რომ ჭიშკრიდან ძლივს მივაღწიე სტადიონის დირექციის შენობასთან, სადაც ფოთის კოლხეთის ხელმძღვანელები დამხვდნენ. მოვიკითხეთ ერთმანეთი და საქმეზეც გადავედით.
ზაალ კუჭუხიძე - საფეხბურთო კლუბ ფოთის კოლხეთის დირექტორი:
ამ თანამდებობაზე 17 ოქტომბერს დამნიშნეს. მოედნის საფარის გამოცვლა კი ივნისში იყო დაწყებული ბერძნული კომპანიის მიერ, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მე როცა მოვედი, ძირითადი სამუშაოები: სადრენაჟო სისტემისა და გრუნტის შეცვლა უკვე თითქმის დამთავრებული იყო. ახლა, სამ-ოთხ დღეში ბალახის საფარის დაგებაც მორჩება. პარალელურად, ჩვენი ძალებით სტადიონის ძველი ღობე და ჩრდილოეთი ტრიბუნა დავშალეთ, 64 ტონის ტევადობის რეზერვუარები დავაყენეთ და მინდვრის სარწყავ სისტემასთან მივაერთეთ. დამთავრების პროცესშია საპროექტო სამუშაოები, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და სტადიონის კეთილმოწყობა გაგრძელდება. ქალაქის თვითმმართველობამ გამოგვიყო ნოემბერში 50 000 ლარი, დეკემბერშიც ამდენივეს ველით, მომავალი წლისთვის - 300 000 ლარს გვპირდება და ამასთანავე “ლიბერტი ბანკთან” აწარმოებს მოლაპარაკებას ჩვენი სპონსორობისა და 200 000 ლარის გამოყოფის შესახებ. გამოდის, რომ ნახევარ მილიონ ლარს ქალაქიდან მივიღებთ. რასაც დაემატება ჩვენი სპონსორის _ ფოთის საზღვაო პორტის 100 000 ამერიკული დოლარი. ამავე რაოდენობის თანხას ქველმოქმედები გვპირდებიან და ვიცი, რომ ასეც იქნება. ქალაქის თვითმმართველობას ფოთში ინვესტიციებით შემოსულ ბიზნესმენებთანაც აქვს საკონსულტაციო შეხვედრები ჩვენთვის დახმარების გაწევის თაობაზე. ერთი სიტყვით, სულ მალე კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი გეგმაც გვექნება და მის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური გარანტიებიც.
გია ტყებუჩავა - გუნდის უფროსი:
ალბათ, სულ ექვსი თვეა, რაც პორტში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული ვერ ვიტყვი, რომ მეორე დღეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ აქ, სტადიონზე მოვიდა და გაგვეცნო. მერე სტადიონი დაათვალიერა. ძალიან გაუკვირდა, როცა უკრაინული ავტობუსი დაინახა: ნუთუ ამით დადიხართო. მაშინვე ურეკში გაგვიშვა ათდღიან შეკრებაზე, მერე სრული ეკიპირება გადაგვიწყვიტა: ჩაგვაცვა და დაგვახურა, სავარჯიშო და სათამაშო ფორმა გადმოგვცა. სტადიონის განათების სისტემას პორტი მთლიანად შეცვლის. ახალი სეზონისათვის, სადაც მოგესურვებათ, რომელ ქვეყანაშიც, შეკრებაზე იქ გაგიშვებთო. მედიკამენტები, ვიტამინები, ახალი ავტობუსი, რა ვიცი, ყველაფერი რაც გუნდს სჭირდება - არ მოგვაკლდება! ასე დაგვპირდა ეს კაი კაცი - ჯოზეფ ქროული, რომელიც ახალგაზრდობაში თურმე კალათბურთელი იყო. დალოცოს ღმერთმა!
გია ტყებუჩავა 80-ანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული მეკარე იყო. თბილისის “დინამოში” ახლადმისულმა დავით ყიფიანმა მიიწვია, თუმცა 1984 წლის სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” ჩაირიცხა. საბოლოოდ, მაინც მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, დიდ ხანს ითამაშა და საერთოდ, ფეხბურთის იქეთ არსად გაუხედავს, ასეთი ცხოვრება არჩია და არც შემცდარა.
გია ტყებუჩავა - რა პრობლემები გვაქვს ახლა?! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი ძირითადი მოედნის ძველი საფარი იქვე, სავარჯიშო მოედანზე დაგვიგო, არაჩვეულებრივი მინდორი გამოვიდა, მაგრამ ამ გაუთავებელ წვიმაში, რვა გუნდი თითქმის გადაბმულად და ყოველდღე რომ ივარჯიშებს, რაღა მინდორი ივარგებს?! ამიტომ გადაუდებლად გვჭირდება ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი. ჩვენი გუნდი იძულებულია, რომ ასეთ ამინდში დარბაზში ივარჯიშოს. ხის იატაკზე კი ტრავმები ხშირია და თანაც, სეზონის ბოლოს ვის გაუგია დარბაზში შესვლა და იქ მატჩისათვის სრულყოფილად მომზადება? ვიცი, რომ ეს არაა იოლად გადასაწყვეტი საქმე და აქაც ქალაქის თვითმმართველობის იმედი გვაქვს. ვნახოთ! წეღან რომ რვა გუნდი ვახსენე, აქედან ოთხი სხვადასხვა ასაკის ბავშვთა გუნდია. ვარჯიშის ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, ფოთში რა გამოლევს ნიჭიერებს? მაგრამ, ჩვენ არავინ გვეკითხება, ისე მიჰყავთ სხვადასხვა გუნდებს ფოთელი ბიჭები. კარგად მესმის, იქ უკეთესი პირობებია, მშობლებიც უფრო დაიმედებულნი არიან, მაგრამ, ჩვენ ერთი მადლობაც არ გვეკუთვნის?! ისე, კაცმა რომ თქვას, მადლობა კარგია, მაგრამ ამ ბავშვების ფეხზე დაყენებას და გაზრდაზე გაწეულ შრომას დაფასება არ უნდა?! იმას კი არ ვამბობ, რომ საკომპენსაციო თანხა ვინმემ სახლში წაიღოს. არა ბატონო! ის ფული ისევ ბავშვთა ფეხბურთს მოხმარდება. თუნდაც სავარჯიშო ფორმა მაინც გამოუგზავნონ წაყვანილი ბავშვის გუნდს ან რამდენი დღით შეკრება მოუწყონ აქვე, ახლოს, ზღვის სანაპიროზე... ეს საკითხი, მარტო ფოთელებს არ გვაწუხებს. და კიდევ ერთი პრობლემა, მაგრამ, აგერ მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძეც მოვიდა და მერე გეტყვით სათქმელს...
დავით მახარაძე - კოლხეთის მთავარი მწვრთნელი:
აღარ გავიხსენებ იმ ექსტრემალურ სიტუაციას სეზონის დასაწყისში რომ აღმოჩნდა ჩვენი გუნდი. პრაქტიკულად, მხოლოდ ათდღიანი მომზადება გვქონდა და აღარ მოგვეცა ფეხბურთელების შერჩევის საშუალება. რაც ვართ - ესაა ახლა კოლხეთი! ვერ გადიმალავთ, ცოტა მძიმე გუნდია, მაგრამ მაინც არ იქნებოდა პირველ _ რვა გუნდში მოხვედრა სათუო, აქ სტადიონზე, ფოთში რომ გვეთამაშა. ჩვენ ხომ ყველა საშინაო მატჩი ლანჩხუთში ჩავატარეთ, სამი შეხვედრა კი - ზუგდიდში. ჩვენი მეტოქეები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული ერთგული ფოთელი გულშემატკივარი თან დაგვყვება, მაინც ვერ გრძნობენ აქაურ, ფოთისათვის დამახასიათებელ აურას და მათთვის ჩვენთან თამაში უფრო იოლია. ფოთში ხომ კოლხეთი განსაკუთრებული შემართებით გამოდის. სტატისტიკით, თბილისის დინამოს, ეროვნული ჩემპიონატის სტუმრად გამართულ მატჩებში ყველაზე მეტი ქულა სწორედ აქ, ფოთში, ამ სტადიონზე აქვს დაკარგული... ახლა კი ყოველი ქულისათვის თავდაუზოგავად ვიბრძვით სტუმრად და ნეიტრალურ მოედნებზე. ასეთია რეალობა! თუმცა, იმედს არ ვკარგავთ...
გია ტყებუჩავა - კიდევ რა მინდოდა მეთქვა? ვფიქრობ, რომ ასე გვიან - შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში თამაშისთვის საქართველოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არაა მზად. თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში - მშვენიერი სტადიონებია, გორში და ფოთშიც, პრაქტიკულად, ახალი სტადიონები იქნება, მაგრამ ვიდრე ყველგან, ყველა საფეხბურთო ცენტრში თანამედროვე მოთხოვნების შესაფერი სტადიონები არ აშენებულა, მანამდე, ჩემი და უნდა გითხრათ _ არა მარტო ჩემი მოსაზრებაა, რომ ჩემპიონატი გაზაფხულზე დაიწყოს და ოქტომბრის ბოლოს დამთავრდეს. იტყვიან ალბათ, ეს უკან გადაგმული ნაბიჯია, ევროპა ვერ გაგვიგებსო! მაგრამ, ახლა, როცა 18 დეკემბერსაც სათამაშო გვაქვს და გაისად, 14 თებერვალს განახლდება ჩემპიონატი - ვფიქრობ, ეს უფრო ჩვენი პრობლემაა და არა ესპანეთის თუ ინგლისის...
ვერ დაგიმალავთ, გია ტყებუჩავას არც შევპასუხებივარ ორი მიზეზის გამო: თავის დროზე, როცა თავისუფალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შემოდგომა - გაზაფხულის ჩემპიონატი შემოიღო, მაშინაც არ ვიყავი მომხრე ატალახებულ და თოვლიან მინდვრებზე ჩვენი გუნდების თამაშისა: ოსტატობის ამაღლებაზე ხომ ასეთ პირობებში ფიქრიც ზედმეტია და მაყურებლებიც აღარ მოდიან დასველებისა და გათოშვის შიშით...
ფოთელებისათვის ჩემი მოსაზრებაც არ დამიმალავს და როცა ზაალ კუჭუხიძესთან ერთად გარეთ გამოვედით მოედნის ახალი საფარის სანახავად, ისევ გადაუღებლად წვიმდა, ისე როგორც იმ დღეებში ქობულეთსა და ბათუმში. მაგრამ, იქაური და დათოვლილი წყალტუბოს ამბები - შემდეგ წერილში...


დავით ქლიბაძე

ფოთი

წყარო: www.gff.ge
ნანახია: 1173 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0